ბლოგი

როგორ ნაწილდება მემკვიდრეობა და ვინ არიან მემკვიდრეები?

საქართველოს სამოქალაქო სამართალი იცნობს ორი ტიპის მემკვიდრეობას: კანონით და ანდერძით. ამასთანავე, ანდერძით მემკვიდრეობა უპირატესია ანუ თუ არსებობს ანდერძი, გამოიყენება ანდერძით მემკვიდრეობით მუხლები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით მემკვიდრეობის მუხლები. თუმცა მოანდერძე უნდა იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის დატოვების მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედებები და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. თუ ასე არ არის, ანდერძი მხედველობაში არ მიიღება და მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით განაწილდება.

ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს პირი, რომელიც ცოცხალი იყო მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისთვის, ან ის, ვინც ჩაისახა მამკვიდრებლის სიცოცხლეში და დაიბადა მისი გარდაცვალების შემდეგ. ასევე, ანდერძით მემკვიდრე შესაძლოა იყოს იურიდიული პირი, რომელიც შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის. ამ შემთხვევაში, მემკვიდრეობა ნაწილდება ანდერძში მითითებულ პირებზე, მამკვიდრებლის სურვილისამებრ განსაზღვრული წილებით, ან თანაბრად. თუმცა თუკი ანდერძით სრული ქონება არ ნაწილდება, დარჩენილ ქონებაზე ამოქმედდება კანონით მემკვიდრეობის მუხლები, ან თუ კანონით მემკვიდრეები არ არიან, ანდერძით ყველა მემკვიდრის წილი გაიზრდება პროპორციულად, სამკვიდროს ამოწურვამდე.

მიუხედავად ამისა, კანონით მემკვიდრეები, რომლებიც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ინარჩუნებენ თავიანთ უფლებას, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ანდერძით მემკვიდრეები ცოცხლები აღარ არიან, ან ყველა მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. თუმცა ერთ-ერთი ანდერძით მემკვიდრის გარდაცვალება არ გამოიწვევს კანონით მემკვიდრეობას, ამ შემთხვევაში სხვა ანდერძით მემკვიდრეების წილი გაიზრდება თანაბრად. ამასთანავე, თუ ანდერძით მამკვიდრებელმა კონკრეტული პირი გამორიცხა მემკვიდრეობიდან, მაშინ ეს პირი ვეღარც ანდერძით და ვეღარც კანონით მემკვიდრე ვეღარ გახდება.

რაც შეეხება კანონით მემკვიდრეობას, ამ შემთხვევაში მემკვიდრეებს შორის არსებობს დაწესებული რიგითობა და წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრეებზე ქონების განაწილებას. გავეცნოთ მემკვიდრეობის რიგითობას:

I რიგი - გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები/მშვილებლები;

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

II რიგი – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

III რიგი – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

IV რიგი – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.

V რიგი – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

საინტერესოა ასევე ცოლ-ქმრის ქონების გაყოფის საკითხი მემკვიდრეობასთან მიმართებით. სამკვიდროში არ ითვლება ის ქონება, რომელიც მეუღლეს ისედაც ეკუთვნის თანასაკუთრებიდან. ხოლო განქორწინებული მეუღლეები, ან მეუღლეები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იყო ცნობილი, ან არსებობდა ბათილობის საფუძველი, რაზეც მამკვიდრებელს სარჩელი ჰქონდა წარდგენილი, საერთოდ არ მიიჩნევიან ერთმანეთის კანონით მემკვიდრეებად. ასევე შესაძლებელია მეუღლეს ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუკი დადასტურდება, რომ ქორწინება სამკვიდროს გახსნამდე სულ მცირე 3 წლით ადრე იყო შეწყვეტილი და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

თუკი არ არსებობენ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები, ან ყველამ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ან მათ ჩამოერთვათ ეს უფლება, მაშინ ქონება გადაეცემა სახელმწიფოს. ხოლო თუკი პირი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებების რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ ქონება მათ საკუთრებაში გადავა.

2022-05-31 00:00:00
0
32

იცოდი, რომ უფლება გაქვს დააბრუნო ონლაინ ნაყიდი ნივთი მისი მიღებიდან 14 დღეში?

2022 წლის 1 ივნისიდან უფლება გაქვთ ონლაინ ნაყიდი ნივთი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააბრუნოთ მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობა.

 

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის საკმარისია მოვაჭრეს საქონლის მიღებიდან 14 დღის ვადაში გაუგზავნოთ შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს თქვენს გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.

 

თუ მოვაჭრემ არ მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენს უფლებასთან დაკავშირებით, სურვილის შემთხვევაში 14 დღის ვადაში საფუძვლის გარეშე დააბრუნოთ საქონელი, მაშინ საქონლის მიღებიდან 14 დღის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში გაქვთ უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააბრუნოთ საქონელი.

 

არსებობს გამონაკლისები, როდესაც ზემოთ დასახელებული უფლებით ვერ ისარგებლებთ, მაგალითად, თუ საქონელი მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისობის ვადა აქვს, თუ საქონელი ჰერმენტულად დაცულია და მისი ჰერმენტულობა დაირღვა მიწოდების შემდეგ, საქონელი ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული და ა.შ.

 

საქონლის დაბრუნების უფლებით სარგებლობის ზუსტ წესსა და გამონაკლესებთან დაკავშირებით დეტალური კონსულტაცია შეგიძლია გაიაროთ ლოპორტზე რეგისტრირებულ იურისტებთან https://lawport.ge/

2022-06-23 00:00:00
0
8